გათენებულა, სუსხი მისდევს გადაღლილ ლოთებს, აჰა, სარდაფი და საშველი ღამის სიზმრების, მეზობლის ძაღლი რა ხანია ნაცნობ ლოთს მისდევს, რომ ეჩხუბება საკუთარ თავს უცხო სიტყვებით.
ბეღურები კივიან ერთხმად მეზობლის ძაღლსაც ასე უაზრო მოსწყინდა დევნა და ზეცის კიდე უსაშველოდ ნელა ფითრდება, გამხდარი ლოთი ხომ არაფერს არა ჰპირდება.
შეწყდა სიზმარი და მოპარული საამო კოცნა, დღე ამუშავებს სათავისოდ საჭირო ფიქრებს, სინამდვილემ ხომ არასოდეს არ იცის მოცდა.
ლოთი აღარ უყურებს მიწას, ზეცას უყურებს და თავის დარდს თვალებში ადნობს, ფიქრობს ოჯახზე, ფიქრობს ცოლზე, რომ მიატოვა, ფიქრობს არაყზე, ძველებურად რომ აღარ ათრობს.
დღე დააკვდა ქალაქის ქუჩებს, დღე იბადება - ზეცა ამცნობს ხალხს ამ სიხარულს, დღე იბადება - რეკავს სხივი ცისფერი ციდან, გზა მიეცით, დაუკოცნეთ ხელი სიყვარულს! |