კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მატარებლები და პოეტები

საიდან სადო, იტყვით, ღმერთმანი,

ბედის და გზების მაძიებლები

მაინც რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს.

მათ ერთნაირად უყვართ ბუნება,

ღამეთა ტეხვა და ხეტიალი.

ერთადერთია მათი ცდუნება -

გზები და გზები ოხერტიალი.

უყვართ მგზავრების აყოლიება.

და ოცნებები, მზით დამქარგავი.

უყვართ მგზავრების აყოლიება,

მაგრამ ნახევარს გზაში ჰკარგავენ.

იგვიანებენ მატარებლები,

უნიავებენ მგზავრებს ზმანებებს,

იგვიანებენ (კარგი როდია!)

და პოეტებიც იგვიანებენ.

იგვიანებენ რიგიანები,

იგვიანებენ (კარგი როდია!)

იგვიანებენ, იგვიანებენ

ანდა საოცრად ადრე მოდიან.

იმეორებენ დიდი ვნებებით

ძველ გზებს, შეხვედრებს და განშრებებს,

იმეორებენ მატარებლები

და პოეტებიც იმეორებენ.

აქვთ მოლოდინი და იმედები

და მოლოდინში არ ესვენებათ.

მატარებლები და პოეტები

თავს როცა უნდათ, შეგახსენებენ.

მათ სიმყუდროვე ფეხქვეშ ეცლებათ

და სივრცეებთან უყვართ ჭიდილი

და უვარდებათ ფეხქვეშ რელსებად

მომავალი და ზოგჯერ სიკვდილიც.

მაგრამ დიდების მოსახვეჭელად

არც ნიჭი კმარა, არც თავდადება.

დიდება არის მატარებელი,

რომელსაც მუდამ აგვიანდება.

მატარებლები და პოეტები?!

ეს შედარება რით გავამართლოთ?

არის თავ-თავის შემოქმედებით

ზოგი სახალხო, ზოგი - საბარგო.

ზოგი დიდ გზებზე გადის გრიალით,

ზოგი ჩიხშია და ბუქსირს ელის,

ზოგმა მსოფლიო შემოიარა,

არც ავის არის, არც კარგის მთქმელი,

ჩიხი! (ო, ჩიხი საშინელია!)

შეჩერებანი და სადგურები

თუ მატარებელებს გზებზე შველიან,

პოეტებს მხოლოდ ანადგურებენ.

ზოგი სინდისის წინაშე სცოდავს -

ბევრი უბია და მიაქვს ცოტა.

ტყდება ბწკარები, როგორც წკირები,

ტყდება, წკრიალებს და ტკივილს ამხელს

უმცირესობა ლექსს ეწირება,

უმრავლესობა - ხმაურს და სახელს.

გვიშველეთ! სენი უკურნებელი

არის დიდების აკვიატება.

დიდება არის მატარებელი,

რომელსაც მუდამ აგვიანდება.

სულო, ამივსე სხეულის თიხა,

ამისვსე, ღვთიურ ცეცლით ამივსე.

მგზავრები მიგვყავს ხილულის მიღმა

ზოგს ღმერთისაკენ, ზოგს - ეშმაკისკენ.

მიყვარს გზები და მატარებლები

და პოეტებიც მიყვარს, ღმერთმანი,

ბედის და გზების მაძიებლები,

თურმე რაოდენ ჰგვანან ერთმანეთს!

მაგრამ დიდებას, როგორც შეჰფერის,

გვიან მოელის აკიანთება.

დიდება არის მატარებელი,

რომელსაც მუდამ აგვიანდება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები