კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს,

ადიდონ ლომი ძლიერი;

თვალ-მარგალიტით შეამკონ

მშვენიერება ცბიერი.

სხვა არის ჩემი გალობის

და ჩემის ჩანგის საგანი:

პატარა ბუზი… ფუტკარი,

იობის ჭიათაგანი.

ფუტკარო, ჩემო ფუტკარო,

ბზუილავ, მოუსვენარო,

უსამართლობით დევნილო,

სამართლიანად მკბენარო!..

სიტკბოს რომ ეძებ სათაფლოს,

მიტომ ხარ მოუსვენარი…

და ვინც ხელს გიშლის შრომის დროს, -

მხოლოდ იმისი მკბენარი.

მაგრამ ქვეყანა უძღები

განა დაეძებს სიმართლეს?

ბნელს შენი სანთლით ინათებს

და ბნელს ჰფენს შენსა სინათლეს.

შენ არ გიკარებს, თაფლს კი სჭამს,

მშრომელის უმადურია…

ოღონდ კი დასტკბეს, რას დასდევს,

თუ სიტკბო სადაურია?!

და შენ კი, ჩემო ფუტკარო,

არ უსმენ ქვეყნის ჭორებსა,

ერთი უგნური რომ შეთხზავს

და ასი იმეორებსა.

მაინც დაბზუი, დაფრინავ,

არც იშლი დროზე კბენასა,

ქვეყანას თაფლუჭს უმზადებ

და სანთელს უნთებ ზენასა…

სარკე და სახე მგოსნობის,

ემბლემაცა ხარ შრომისა, -

შენათხზი სიყვარულისა

და წმინდა გულისწყრომისა.

ფუტკარო, ჩემო ფუტკარო,

იობის მატლო მცირეო!

ჩანგი გთხოვს, მგოსნის სიტყვები

მსხვერპლივით შეიწირეო!


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები