საბრალო დედაბრისასა თაგვნი ყანასა მკიანო; ლომნი უგრეხენ ულოსა და ვეფხვნი შეუკვრიანო; დევნი ურემსა აბიან, ირემნი ძნასა ჰყრიანო; შველნი კევრებში შებმულან, კალოს გარს დაურბიანო; ზედ ანგელოზნი უსხედან, წვრილ ხმაზედ დასძახიანო; ჭინკები მარდად უქცევენ, ყანასა გაჰფოცხვიანო; ტახნიც მისწევენ კალოსა, მელები კუდით ჰგვიანო; წერონი ანიავებენ და ბატნი დაჰკაზმიანო; დათვებს ჰკიდიათ ტომრები, ორმოში პურსა ჰყრიანო; მგლები წისქვილში გაგზავნეს, პურს მალე დაუფქვიანო; შაშვი ფქვილს მტკიცავს, გნოლი ზელს, კაჭკაჭნი ამოჰქნიანო; მტრედნი ჩააკვრენ ლავაშსა და გვრიტნი ამოჰყრიანო; ვარიები ამზადებენ, იხვნი სუფრასა შლიანო; ზეცას ტოროლა გაგზავნეს, ფრინველნი მოჰკრიბიანო; შენს მადლსა, ჩხიკვნი ნუ გინდა, სუფრასა აგვიშლიანო; სილამაზითა ხოხობი შუაში ჩაისვიანო; ბულბული გალობისათვის სულ თავსა დაისვიანო; საწყალი ბერი ქედანი ბოლოში მოიგდიანო. ერთად სმენ, ჭამენ, ლხინობენ, ჰარალეს დასძახიანო. |