მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე. ცხოვრება ჭირიანია, ჭირით არ ერთით, ორითა, შენაც მოგაცხობს ბევრს რასმე, არ აგაშმოროს შმორითა. ჩვენ დაგვიძახე მკურნალად, წამალს მოგაწვდით შორითა. ათასი ვნახეთ ვაება, ას-ასჯერ რისხვა ციდამა: სეტყვა, მეხი და ქარბუქი, ყინვა, თოვლ-ჭყაპი ღვთიდამა. დიდმა დარდმა და ვაებამ დაგვაზიანა ვითამა? ჰხედავთ, რომ გაზაფხულზედა ღვარები მოჰხეთქს მთიდამა. გადვიგდებინებთ მაშინა ყინულის ლოდსა ქედითა, თუ გუშინ მკვდრადა გვსახავდენ, დღეს ამდგარნი ვართ მკვდრეთითა; ბუნებისა ვართ გვირგვინი შეუპოვარის მკერდითა. აგვიყვავდება გულ-მკერდი, გავფენთ ქუჩსა და მუროსა; მშობადი ძალი გულისა შიგით აგელებს უროსა; კაცი სად არის, მის ჩქამი დადგეს და დაიყუროსა. განა მშობელმა შვილისთვის უნდა რამ დაიშუროსა? ნაყოფი გულის ბგერისა დაგვესახება გარეთა; დადის ზედ აუნუსხველი ცხვარი და ძროხა მთაზედა; არჩვთა, შუნთა და ხარ-ჯიხვთა რქა გადუდვიათ რქაზედა; კაკბის, შურთხის და როჭოსი ბოინი გვიდგა კარზედა, გასასუქებლად ლუბ-მჭლენი აქ მოიბრძვიან მაზედა. სულ ჩვენს ალერსში არიან ხშირნი ვარსკვლავნი ცაზედა. მზე, მთვარე ვერ მოიჭირვებს, შუქი არ დაგვკრან ფხაზედა. წინათ ჩვენ გვეამბორებენ - მთებს არ გასცვლიან სხვაზედა. ხოლო მგზავრობა ვერ ვიცით, ჩვენ ვერ შავდგებით გზაზედა; არც ვის უქივართ სიმარდით, არც ვის მოვწონვართ ხმაზედა. გვიცნია შეუდრკელობა მთას დაკერებულს მთაზედა”. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |