კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

 

როცა ბურუსში გახვეულს გხედავ,

თავს ვუწყრები,

რომ ვერა ვმზეობ.

 

 

გულზე ეწერათ მზის მისამართი

ფოთლებს

და მაინც

დაბლა ცვიოდნენ.

 

 

ამინდის ბიურო

მოღრუბლულობას იუწყებოდა.

ანგარიშს არ უწევდა,

რომ ვიღაცა ვიღაცას

მზეს ჰპირდებოდა.

 

 

ჩვენი მისამართი

სხვადასხვაა,

მაგრამ გვექნება ერთიც -

მიწა.

 

 

მაშინ დაბერდა,

როცა ყველამ მიივიწყა და,

ქალის ნაცვლად,

ჩამოუჯდა მუხლებზე ხავსი.

 

 

ჰო, ისევ შენკენ! რამეთუ სხვისკენ

მიმავალ გზაზე

ავცდები ჩემს თავს.

 

 

საიდან მომხვდა

ტყვია გულში,

რომ გამაცოცხლა?!

ორლულიანი თოფი იყო.

ჰოო...

თვალები...

 

 

ჩვენი მისამართი ახლა სხვადასხვაა,

მაგრამ გვექნება ერთიც - მიწა.

 

 

რა კარგი იქნებოდა,

ჩიტებივით რომ გვეცხოვრა -

მთელი დღე ვიფრენდით

და საღამოხანს

ბუდეში დავბრუნდებოდით,

სადაც, ჩვენს მეტი,

სხვა არავინ და

არაფერი

დაეტეოდა.

 

 

ნუ გამიდიდგულდები,

ნურც რისხვით ფოთლებს ააცახცახებ.

ტოტებს რომ მოვწყდეთ

და შორიშორს გადავიკარგოთ,

ერთი ქარიშხალიც

კმარა საამისოდ.

 

 

მოვისწრაფვოდი შენკენ,

ოდესმე

საკუთარ თავთან

რომ მივსულიყავ.

 

 

მუხაზე ჰკიდია გრძელი საქანელა:

გაქანდები -

ბავშვი ხარ,

გამოქანდები და -

უკვე მოხუცი.

 

 

ოთახში ორი საათი დგას.

ისინი სხვადასხვა დროს უჩვენებენ.

სინამდვილეში დროა მესამე -

შენი მოსვლის დრო.

 

 

დაიღალა.

მერამდენედ შემომჭრიალა

კარმა:

- "ის" არ მოსულა.

 

 

ტყე აკაფეს...

ქალაქში წასული შვილებივით

დაეფანტათ

ხეებს ნაფოტები.

 

 

ცოდვაა, ბედნიერების სადგურზე

უბედურება გამოაღვიძო,

თუნდაც იცოდე,

რომ ჩავა...

 

 

ცხოვრების გზაზე 

წუთით შევყოვნდი

და სასაცილო

მეჩვენნენ მგზავრნი;

სიყვარულიც რომ დარჩეთ უკან,

არასოდეს მიბრუნდებიან.

ვერ დაარღვევენ მარტივ კანონს -

"აქ ცალმხრივი მოძრაობაა".

 

 

იქნებ დაგკარგო?!

მაგრამ მანამდე ხომ

უნდა გპოვო.

 

 

გზაჯვარედინზე

უნდა შემხვდე,

რომ

შევიცვალო მიმართულება.

 

 

მარტო ვარ.

ჩიტიც

მარტოა ტოტზე.

თუ მარტონი ვართ,

ესე იგი

არა ვართ მარტო

 

 

შენს თვალთაგან

გამოსროლილმა

უნდობლობის ისარმა

გულში გამიარა და...

მოგკლა შენ!

 

 

გზას მითმობ და...

არ იცი კი,

საით მივდივარ.

მსგავსი თემები