ეს მერამდენედ მოგონების ჰანგით ამრიეს, ვაგდივარ ლექსში, ვით დილეგში, ვეძებ გასასვლელს, ქარი გულივით მიფრიალებს მტვრიან არიებს, მოვა მუსიკა და მომაკვდავს მადლით ამავსებს. ნეტარი წამი შერჩენია სიზმრებად ნახულს, არ ვიცი, ლექსი სუნთქვა არის, თუ უფრო ჰობი, ან, ვინ ამიხსნის პოეზიის უბრალო მსახურს. მრავალწერტილი აღარ ეძებს უკვე სათქმელებს, განსასჯელივით დამაყენეს ერთი ათასთან და განაჩენის მოლოდინში ღამე მათენებს. და კალენდარი კიდევ ერთხელ ოქტომბერს მოხევს, შევხვდები ნაცნობს, ჩამოვართმევ ხელებს მელნიანს, გამშორდება და დამიძახებს ვიღაცა ოხერს. სურვილით ვკვდები, ყველა ცოდვის ვაპირებ წაშლას, მოვა უფალი, როცა ლოცვებს ლექსად შევუთვლი, და გაშლილ თმებზე შემომახვევს დიაცის თავშალს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |