1
დათვი მუცელს იფხანს თათით, დილიდანვე უცდის სადილს. “რა თქმა უნდა, ტყეში ჯობდა, წაბლიც მქონდა, თაფლიც მქონდა - ალბათ ასე ფიქრობს დათვი და თან მუცელს იფხანს თათით.
2
გველს კი თავი ქვაზე უდევს და სისინებს: “არ მაქვს ბუდე, მაგრამ მაინც ყველას ვძულვარ, თუმცა ჩემით არ მოვსულვარ”.
3
ისევ ღამეს ელის მგელი, ისევ ერთი მიზანი აქვს... თავს კი ასე ინუგეშებს - “ვნახოთ, იქნებ სიზმარია?!”
4
- შენ ვიღა ხარ? - ფოცხვერი, - როგორა ხარ? - რა მიშავს. - მაინც მაინც? - მოწყენილი. - რა გინდა? - რა მინდა და... გამიშვან.
5
ხეპრე ზებრა არც უყურებს საწყალ ირმის ხრიოკ ეზოს და თან ისე იბუტება, თითქოს ძალით შეღებესო.
6
კენგურუ სწრაფია, როგორც ენგური. “ენგურო” უნდა ერქვას კენგურუს.
7
ისე მოდის ბეგემოტი, თითქოს იცის, რისთვის მოდის.
8
მთელი ქვეყნის გაოცებას ცდილობს სპილო, ბავშვები კი აბრაზებენ: “სპილო-წვრილო!”
9
ეს კი ჩვენი ნიანგია, ძველი მკვიდრი თბილისის. ერთხელ კუდიც შეარხია შარშან წინის წინის წინ.
10
არც უყურებს სტუმრებს წერო: “სად მცალია, ლექსებს ვწერო”. დაუწყვია ზურგზე ფრთები, მზეზე თბება.
11
ძირს ყრია: სვავები, ქორები, არწივები - როგორც დამსხვრეული ტანკის ნაწილები.
12
ფარშევანგი არცერთს არ გავს - დედოფალი იყოს თითქოს- დღე და ღამე იმას ფიქრობს, რას დაიხატ-დაიქარგავს. “ახლა ასე ვიღა იცვამს?!” - უკვირს ციცარს.
13
ლომს კი ძინავს და მძინარეც ყველა მხეცზე ლამაზია. არც ბუხუნებს... თუმცა ბუხუნს გალიაში რა ფასი აქვს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |