კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შემომილეწეს მტრებმა სამზეო

და გულმოკლული მწარედ ავტირდი...

და, გამახსენა ცრემლმა ტიციან

და მოგონებებს შემოვაფითრდი.

ო, გამახსენა ქარმა ტიციან, -

პოეტი დენდი ლექსთა ზღაპრიდან,

როგორ უყეფდა ანთებულ თბილისს

ციცქნა ძაღლივით ოქროყანიდან.

და, როგორ შეძლო ლექსთა გვირგვინის

შიშველი ფეხით მთაზე ატანა,

როგორ უყვარდა აპრილის თვეში

ვაშლის ხეებით სულის გატანა.

როგორ ეწამა ატმის რტოებში

და ტანჯვით ფერი როგორ იცვალა,

როგორ სდიოდა სიტყვა ძარღვებში

და, მერე, როგორ გარდაიცვალა!..

ო, მტკივა შენი ნაგვემი ხორცი

წამომართული ლექსთა ხანძრიდან,

და, როგორც ერთ დროს უყეფდი თბილისს,

მეც ისე გიყეფ სულის ტაძრიდან.

და, თუ მიმიღებ უმცროს მეგობრად,

გედთა კრებულის მშფოთვარე დენდი,

და, თუ შენსავით დაჭრილი წავალ,

მეც გადამთელავს ოცდაჩვიდმეტი...

თუ არ დამინდობს ვიღაც ჯალათი,

დამიღამდება ატმების ფერი,

თუ შემომაცლის ვაზის სამოსელს

ვინმე უბირის მსახვრალი ხელი! -

ვიცი, შემხვდები ვაშლის ბაღებში,

მერე წარმადგენ ლექსის მთოვართან...

და მომაგონებ სადღაც გაგონილს:

"ერთხელ თბილისში ვეფხვიც მოვარდა!"

და, მერე, ალბათ, იტირებ ჩუმად

და გამომკითხავ, ვინ უყეფს მთვარეს...

და გულნატკენი ჩამეკითხები,

რატომ ჩეხავენ რუსთველზე ჭადრებს?!.

და რატომ ადგას მარტვილის ტაძარს

სისხლით გამძღარი მუქი ღრუბელი,

ან იმერეთში ვინ თესავს ავდარს,

ან ალავერდთან გლოვა რად არი?!.

ვინ გადახლიჩა სამზეო ასად,

ასად კი არა - ასი ათასად!..

და, როგორც ერთ დროს, ახლაც სიმართლე

რატომ აცხადებს კენტად "ჰაზავათს"?!.

ვინ მოიტაცა ტბა ჭალადიდის

და, რატომ დასდით ცრემლები პალმებს,

და, რატომ ყრია თეთრი ვარდები,

"თითქო ათასი აქ გედი მოკლეს"?..

ო, მოგიყვები, რომ საქართველოს

ძმათა ომების ადგას უღელი,

რომ გაუჭირდათ ქართველ პოეტებს

დარჩნენ ერთგულნი და განუყრელნი...

რომ სვეტიცხოველს ათოვს მაისში

და სიონს აწვიმს სისხლის წვიმები...

რომ შავი კაბა ჩაუცვამს აპრილს

და მიჯრით ნასროლს ვერ გადურჩები!..

რომ კურტიზანად ქცეულა მუზა

და აღარ წერენ ფშანთან პოემებს,

რომ პოეზიამ დაუშვა ღუზა

და ყიდულობენ ვერცხლზე პოეტებს!..

რომ, ახლაც ისე, როგორც ოდესღაც,

გროშად არ ფასობს ლურჯი სონეტი,

რომ ყვავ-ყორნები წეწავენ არწივს

და სხვის მიწაზე გოდებს პოეტი!..

რომ საქართველოს ზღვისფერ მონასტრებს

შემოხვევია მრუმე ნისლები

და რომ თიბათვის სახრჩობელაზე

დაკიდებულან ქართლის სიზმრები!..

ო, გამახსენა ცრემლმა ტიციან, -

პოეტი დენდი ლექსთა ზღაპრიდან,

როგორ უთევდა თბილისს ღამეებს

და ლოცულობდა ოქროყანიდან.

და, როგორ შეძლო დაფნის გვირგვინის

შიშველი ფეხით მთაზე ატანა,

როგორ უჭირდა თოვლის ტრამალზე,

ვაშლის ხეებით სულის გატანა.

და, როცა მტრებმა გული მატკინეს,

და მარტოსული მწარედ ავტირდი...

შემომეშველა ციდან - ტიციან,

და, ახლა, ისევ ავთინათინდი!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

მსგავსი თემები