ჩემო იარალი, ნეტავი ოდეს ლხინით აღვსილნი ვჰსხდეთ ველსა მწვანეს, ჩვენებურადა, ძველებურადა, ვსვამდეთ, ვიძახდეთ: იარი-არალი!
ცეცხლზედა დასტრიალებდეს, ყნოსვა დამტკბარი მის სუნით, მადასა განგვიღვიძებდეს.
აზარფეშაცა ხელს გვეპყრას, მოთალი, თევზი, მწვანილი აგვიჭრელებდნენ წინ სუფრას.
ცა მშობლიური მარად ბრწყინვალე ზე დაგვნათიდეს, გაცხელებულთა ღვინისგან შუბლთა კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს... შენ მომითხრობდე, მე ყრმა გისმენდე, გამოუცდელი მოხუცებულსა, თუ ვით ივერნი, ლომგულნი გმირნი, ჰბრძოდნენ, ჰსცხოვრებდნენ დროსა წარსულსა.
ჭაბუკნი მხნობით აღტაცებულნი, მტერთ საძიებლად, დაცემად მათზე შეგროვდებოდნენ წამს შეჭურვილნი.
ანუ ტყეთ სიღრმე ვერ დაჰფარვიდნენ, ვითა შურდულებრ, ტრედთ შავარდენნი მიესეოდნენ და შემუსვრიდნენ.
შეჰსწირა მსხვერპლად, დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა მამულისადმი გულს აღბეჭდილად,
ივერთ თვისებას შეადგინებდნენ, ოდესცა ბრძოლა და მამაცობა მათსა სახელსა განადიდებდნენ...
შექცევით, ლხინით მოწოდებულნი, ჭაბუკ მხედარნი ყაბახსა∗ ვრცელსა ტურფად დარახტულ და დაკაზმულნი, ვით ალვა რგულნი, ცხენზედ უძრავად, ესრედ მოჰქრიან, ვითა ნიავი; ჰკრეს ნაღარასა - განიყვნენ ორად, აჰა, საამო სჩანს სანახავი.
შუბთა ტრიალი, ჯირითთ სრიალი, ყურთ მაჯთ ბრიალი, ცხენით ქვე ხტომა, კვალად შეხტომა, უზანგთა ცემა და ხმალთ კრიალი!.. ზოგი არწივსა ზეცას მფრინავსა ისრითა მკვეთრით განუპობს გულსა. ჯირითი ზოგის ზუზუნით მოჰქრის და მოხვდა ქვაზე, თასს ნიშნად დგმულსა.
ვისცა ეწერა დიდება სახეს, ვინცა არღა არს, ვისთვისაც ვჰსტირით. წარსულთა დროთა, დიდების დროთა, ყოვლი კეთილი თანა წარიღეს, აწ უცხოს ცის ქვეშ, ზოგსა ვჰჭვრეტთ ოხრვით, და ცრემლით ზოგის წმიდა სამარეს!..
რომ მის ძლიერი ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს? რომელ მარჯვენით, ერთისა დაკვრით უსულოდ ვეშაპს მიწად დაჰსცემდეს? მაგრამ ამაო, ჩემო იარალი, არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა! სად აზარფეშა, სად არს მწვანილი? ღვინის წილ - კვასი, მზისა წილ - ყინვა!
სადღა იხილოს ცა მშობლიური? შენ ხარ პეტერბურღს, მე ნოვღოროდსა, გარეთ მკლავს ყინვა და შინ “უგარი”. გულს ეწუხების, რა აგონდების დღენი წარსულნი ნეტარებისა, მაგრამ მოთქმითა ნუგეშ-ეცემის და ჭმუნვა მითცა შემცირდებისა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |