აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება ყალყზე შემდგარი რაშით! გული გაიმაგრე, გული გაიმაგრე, გული გაიმაგრე, დავით!
და რას გახვედრებთ, რით მოვიწონოთ თავი? ვერ ვიდავითეთ, ვერ ვითამარეთ, ვერ ვიდიდგორეთ, დავით!
ხორცი დაგვიფლითეს, გული ამოგგვგლიჯეს ტანჯვით! გარეჯს გვიფეთქებენ, რუსთველს გვიგინებენ, სულში გვაფურთხებენ, დავით!
უცხოტომელები, ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით! გადამიარეთო! - ასე დაგვიბარე, გადაგვიარეს, დავით!
სრულიად საქართველო, ვერ მოვუფრთხილდით წამით! ხმალი დაგვიჟანგდა, სისხლი გაგვიწყალდა, დავპატარავდით, დავით!
და ერთურთიც ვლეწეთ, ვლეწეთ დღისით და ღამით! ტაოს მივტირით, ჰერეთს მივტირით, სამცხეს მივტირით დავით!
შენი საქართველო, გულში დაჭრილია ხარი! მუხლი მაგარი აქვს, არ დაიჩოქებს, ნუ გეშინია, დავით!
ისევ თბილისობს, გელათი ისევ ყვავის! იბადებიან დღესაც ლეკვები, სადიდგორენი დავით!
შენ გვიპატრონე, შენი ხმლითა და ფარით! სხვა ღმერთს არა ვცნობთ! სხვა ხატს არა ვცნობთ! სხვა კაცს არა ვცნობთ დავით!
თბილისს შემობრძანდი, თეთრი გიორგის მადლით! მუმლი მუხასაო! მუმლი მუხასაო! მუმლი მუხასაო! დავით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია |