რა ღირს საქართველო, ბატონებო რა ღირს გელათი და ნიკორწმინდა, რა ღირს სვანეთი და აფხაზეთი, რა ღირს სიონი და საბაწმინდა?!.. რა ღირს რაჭის მთები საოცნებო... რა ღირს გურია და ხევსურეთი, რა ღირს საქართველო, ბატონებო?!.. ანდა საოცარი სამაჩაბლო?.. ან ცად აზიდული კაცხის სვეტი, ზვრები - საღვინე და სამაჭარო?.. რა ღირს კახეთი და სამეგრელო, რა ღირს ვარძია და უფლისციხე, რა ღირს, ბატონებო, საქართველო?!.. იქნებ პატივაყრილს მოვეფეროთ, იქნებ დავულეწოთ ბორკილები, მერე მზის ამოსვლას შევეგებოთ. იქნებ დანგრეული ავაშენოთ... მტრისგან აჩეხილი რქაწითელი, ისევ ვახაროთ და გავაშენოთ?!. ზეცავ, დაგვიფარე შინდისფერო... რა ღირს სამართალი, ბატონებო, რა ღირს, ბატონებო, საქართველო?!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |