სონეტი პირველი
რა საოცრება გაგვიმზადა მიწიერებამ?.. რა ფერისაა სიყვარული, ამ მელოდიის ჰანგი თავისი პირველხილვის მომხიბლველობით, რომელიც სულში შემოიჭრა ასე ძლიერად. რომ მმორჩილებდეს ჩემს გულისთქმას მარადი მდგმური და მსახლობელი ჩემი ფიქრის, ჩემი დღიური არსებობისა, სუნთქვისა და ყოფიერების. მხრებზე ქარვისფრად განფენილი თმების ფიქალი, ვის შეუძლია დამიხატოს ყმაწვილი ქალი და იმის გვერდით დავიწყების შექმნას მოდელი. მან ახლა უნდა სიყვარულის იგემოს სიბრძნე.
უნაყოფობის მძევლად დამხვდა ჩემი ალაგი, ვითვლი კუნძულზე გარჩენილი ჩავლილ ხომალდებს, ღმერთებს მივმართავ: რად მიკლავდით სურვილს თხოვნამდე, ან სათამაშოს ბავშვობისას რად მიმალავდით?! თეთრად მოჰქონდათ ზმანებები ზღაპრულ მენადებს და იმ პირველი გაწბილების ეშმა მეტადრე თავს არ მავიწყებს თვალთმაქცურად - კვლავ მიხმობს არსად. ხსოვნის მდინარე ვერცხლისფერი სიზმრის მინდორით ფსკერში ჩაკირულ ნაცნობ ჩრდილზე გადადის მდორედ, როგორც დუმილით სავსე ლოცვა და საყვედური. უნდა მეზიდა უკმარობის ამ საწყაულით.
სონეტი მესამე
რვა კარი ჰქონდა საოცრებას - დახშული რვავე: რა გზით გამეღო, თუ ერთ-ერთში ვიჯექი თავად, როგორც სიმართლის სასარგებლოდ შემწყდარი დავა - ეს გამოწვევა მანიშნებდა უფრო დიდ რამეს. ვის შეხვდებოდა და ვის თვალებს ამოაშრობდა - უცებ აღმოჩნდა თამაშგარეთ დიდი ბავშვობა, მაგრამ საკუთარ სურვილს მაინც ნიადაგ ვუფრთხი, თანდაყოლილი თვისებების ჩვევით თუ ეშმით, ახლა აზრს კლავენ წარმოთქმამდე ისინი ჩემში, თუ აქამომდე მიმალავდნენ, რაც მოვინდომე. თუ თავისთავად წარმოვადგენ ჩემი დღის შედეგს.
სონეტი მეოთხე
გადაიარა სიმშვიდეზე ვნების მეწყერმა და წარღვნასავით გამიტანა ასე უეცრად. ჩემეულია ამჩატება და უმეცრებაც, მარქვი, ცთუნებავ, ფოთოლცვენა როდის გეწყება?! და ბიბლიური შეგონებით ვცოდავდე იქნებ, - როცა დუმილში ჩაძირული მძიმე ფიქრებით თვალს შევაგებებ ივლისივით ანთებულ სხეულს. და ღიმილივით გადაირბენს ნდომის ნაპირებს... ო, მაშინ, მაშინ გულის წადილს ვეღარ აფხიზლებს საყოველთაოდ მიღებული ხარკი და ვალი. თვითგვემა ჩემი აქედანვე იწყება ეგებ.
სონეტი მეხუთე
წინასწარ ვიცი, დაოკება მმართებს სურვილის; უკან ვიბრუნებ გულისთქმას და... არვინ მემდურის. ჩემი მცდელობა არ შორდება ზრახვას პირადულს, - ყველა კითხვაა დასმული და ამოწურული. ან ბრმის სიბრძნით ვინ გახსნის უცებ განასკვულ გორგალს, ჩემს უნებურად, სადაც ჩემი სამყარო ბორგავს და სადაც სიმს არ შეხებია ჯადოქრის ხემი. სხვა არსებულა კიდევ რაღაც ყველაფრის გარდა, ო, არაფერი ეშველება, თუ გახსნეს ფარდა და კვლავ სცენაზე ათამაშდა ყმაწვილი ქალი. როგორ მმართებდა წინდაწინვე შევბმოდი სურვილს.
სონეტი მეექვსე
დაირღვა თითქოს თვალთახედვა მიუწვდომელის, როცა გაიხსნა ფარდა უცებ და მსახიობი დარჩა პირისპირ ჭრილობასთან როგორც იოდი - სინათლის სვეტად იღვრებოდა რარიგ-რომელი... იმედის სხივი, შეფერილი მთრთოლვარე მწვანით. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა გადამწყვეტ წამებს, მნიშვნელოვანი რადგან თვითონ ხდებოდა ერთობ ისიც შეეძლო შინაგანი მონოლოგებით ტაიტელივით მოეხიბლა თვალი გოგენის, რადგან იცოდა სიკეკლუცის ღირებულება. აქაც ერია შეუმცდარი ვიღაცის ხელი.
სონეტი მეშვიდე
კანონიერი მღელვარებით თრთოდა ქალაქი, მიწაზე იდო თეთრი თოვლის სუფთა მერდინი... როგორ შემეძლო უვიცივით მემართლებინა თავი, როდესაც მღელვარებას მეც ვერ ვფარავდი. გაწბილებული ქომაგები ისედაც ჰყვანან - უანგარიშოდ მისდგომიან ერთ ფინჯან ყავას და უხმოდ გემოს უსინჯავაენ საკუთარ ბოღმას. მხოლოდ იქ, სადაც სახელმწიფო იდგა თეატრი, მაყურებელი აწყდებოდა როგორც აფთიაქს და აბებივით გამოჰქონდა აზრის მოდელი. როგორ გვეცხოვრა ან თანხმობა სად იყო სრული?!
სონეტი მერვე
თუ ღირსად ჩათვლი, არ ყოფილა სხვა უკეთესი, როცა ცხოვრებას ფიქრთან ერთად განაგებს ნივთი და ვით ბიბლია თავის მცნებას ათამდე ითვლის - ამდენივეა ჭეშმარიტად გულის კოდექსიც. თავზე კუთვნილი წვიმა აწვიმს, ცრემლიც - თავისი. და თუ ჩემია საწამლავი, ესეც დამისხით - ერთი სიცოცხლე ნამდვილად ღირს ამ სამსახურად. იყოს ღიმილი, თუნდაც ყალბი იმავე ქალის... შენკენ დაძრული ქარვისფერი ფოთლების ქარი მოჩვენებითი წარმატების იყოს იმედი. წუთისოფელი საათივით ქოქავს სიცოცხლეს.
სონეტი მეცხრე
დიახ, სჭირდება ამ ცხოვრებას, ამ ცას, ამ ბაღებს, როგორც წყალობა - სიდიადეს, გენია - ცინიზმს. სულგანაბულხარ გაზაფხულის კართან ფიცივით და როგორც გინდა, ვისთვის გინდა, იმისთვის აღებ. მშვენიერება მოქცეული შენსავე ჩრდილში შენთან იმდენად მაახლოებს და ისე მიშლის - კიდეც შევდივარ მის წალკოტში, კიდევაც არა. და დახშულია სრულქმნილების ჭიშკარი მაგრად, ვიცი, დარდსა და მწუხარებას მიმზადებ, მაგრამ მიუწვდომელი რად ვისურვე, არ ვიცი განა? თუ ყველაფერი უარყოფას აღარ ნიშნავდა.
სონეტი მეათე
ნუთუ ჩვენ შორის უსაშველოდ ჩამომდგარ წყურვილს არ მოაშუქებს იმედივით ფარდის ღიობი: კულისებიდან შემოირბენ და მსახიობის ნიჭით ისურვებ, ვან გოგივით მოგართვა ყური. ვით აღტაცება, ემოცია ან ვინმეს ხათრი და მძიმე ხვედრი სიყვარულში ბრალდებულ მხატვრის მაინც ვერ ახსნის შენს თვალებში ყველაფრის მიზეზს. რომ სიყვარულთან უნებლიეთ მოასპარეზეს ვნებათა ღელვამ არ დაუთმოს თვისი ტრაპეზი და შენი გულის ფსკერზე განძად არ დავიმარხო. სამაროვანში მიმაგნებდეს არქეოლოგი. |