წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დამაცადე,

ჯერ ეს ბადე

აგერ იმ ხეს გამოვაბა

და ზღაპარს კი გეტყვი მერე!

დამიჯერე!

გამომართვი მარდად აბა,

ჰა, ეს თოკი, -

მღერის გული ანატოკი, გული ცრემლით დანათვერი, -

გამოაბი შენ ეგ წვერი და მე ამ წვერს გამოვაბავ

.......

რას ჩამცქერი?

თვალს რად ნაბავ?

ჩაწექ, რაღა, ჩაწექ შიგა

და გიამბობ: ეს ჩანჩქერი

ტან-თეთრი და თმა-ციგლიგა

რად ემსხვრევა მზეს რძის ქაფად,

რად ჩამორბის ასე სწრაფად,

ან რას ნიშნავს ეს სირბილი,

ან რად არის მისი ტალღა ესდენ თბილი, ესდენ რბილი?


ერთხელ, თურმე, მეფის შვილი ახალგაზრდა, ბრგე, ტანადი,

მთების ქედზე მიდიოდა სანადიროდ განამზადი,

ხელთ ისარი წამოეცო, მსხვერპლს ეზებდა ისრის ტუჩი,

თვით კი მშვიდად მიდიოდა დანაფიქრი... დანაყუჩი...

ყვავილთ დასტა თავს უკრავდა, ყვავილთ დასტა ათასგვარი,

სიოც ისე სრიალებდა, ვით ქალწული მაცეკვარი.

უცებ რაღაც ფაჩიფუჩი შემოესმა ბუჩქებქვეშ ... და

გამოვარდა შველის ნუკრი, გამოვარდა და - გაშეშდა!

მეფის შვილმა დრო იხელთა, მოიმარჯვა მშვილდი ხელად

და გასტყორცნა ისრის წვერი მოხდენილად, უდარდელად...

მაგრამ, როცა მსხვერპლი ნახა, ნახა საქმე თვის გმირული,

შველის ნაცვლად ქალი დახვდა, ქალი ისრით განგმირული.

აქვითინდა. იმ ქალს ცრემლი მიაპკურა, მიათოვა...

და... მას შემდეგ ნადირობაც სამუდამოდ მიატოვა.


- სულ ეგ იყო? მერე? მერე?

- იცი, გიჟო, დავიღალე! ენა ვეღარ ავაჟღერე!

ვეღარ შევძლებ მეტ ლაპარაკს.

შენ რა გიჭირს? ტკბილად, რბილად დანანაობ მანდ განცხრომით,

მე კი მოვკვდი ფეხზე დგომით.

- აკი სთქვი რომ მეც გეტყვიო ამ ჩანჩქერის ზღაპარ-არაკს?

- იცი გიჟო, გეტყვი, მაგრამ როგორ გითხრა უცხოს უცხომ?

და აი, თუ ნებას მომცემ რომ მოვთავსდე შენთან ახლოს ,

ესე იგი შენს გამაკში ჩავსრიალდე, ჩავესახლო,

და მაშინ კი... მაშინ... მაშინ, ჩემო სულის თანამგზავრო,

შეიძლება ეს ზღაპარიც დავასრულო, დავამთავრო.

ხომ ისურვებ, ჰა? ხომ? ხომ?

...........

მიატოვა ნადირობა, მაგრამ მაინც იგი ქალი,-

ხავერდოვან კდემით სავსე, ქალწულოვან სევდით მქრქალი,-

სულში ჩარჩა! სულში ჩარჩა! და სიზმრად ხომ სიზმრად, ღამით,

სულ თან სდევდა და არ ჰქონდა მოსვენება ერთი წამით.

და მოსწყინდა ჭაბუკ მეფეს მუდამ დარდი, მუდამ ურვა,

და იმ მთების, ზღაპრულ მთების ნახვა ერთხელ მოესურვა,

მაგრამ როცა კვლავ იხილა ის მთის თხემი საოცარი,

და ის ქალი, იგივ ქალი, თოვლის ძეგლად წამომდგარი,

შეტრიალდა მეფის შვილი, ბევრი აღარ დაახანა

და გაბრუნდა... მაგრამ ქალმა ბაგე ოდნავ ააქანა

და ღაღადჰყო: „სად მიილტვი? ჩემთან! ჩემთან! მოდი... მოდი...

თვით უხსოვარ დროიდანაც მხოლოდ შენ ერთს გეძახოდი;

როს ისარი მსტყორცნე - მოვკვდი! მხოლოდ ფერით გარდვიცვალე,

ისევ აღვსდეგ და კვლავ გიხმობ: ჩემთან... ჩემთან... მალე! მალე!

და ის ცრემლი, შენს თვალთაგან მაშინ მკვდარს რომ დამეთოვა-

გაიყინა... და ახლა ზედ თოვლის კაბად დამქსოვა.

ჩემთან! ჩემთან!“ - და ჭაბუკი მთლად მოეშვა, მთლად მოდუნდა,

„მეც გეტრფიო!“ - სთქვა და მყისვე თოვლის ასულს დაუბრუნდა...

და ერთმანეთს საალერსოდ გაუწოდეს ხელი ხელსა,

ტუჩი ტუჩით გადარაზაეს, გადააჭდეს ყელი ყელსა

და, ვით ჩანგი ეწეოდნენ ტკბილად კეთილხმოვანებას-

მაგრამ ქალმა - თოვლის ქალმა - ვერ გაუძლო ვაჟის გრძნობას:

აიშმუშნა... ჩაიკეცა... ჩაიფუფქა... იმღელვარა...

და გაიხსნა ვერცხლის ცვრებად და ჩანჩქერად დაიღვარა.

ამბობენ, რომ ეს ჩანჩქერი მოქნილი და ნაზ-ნარნარი -

ქალიაო, ვაჟის კოცნით რბილ ტალღებად გადამდნარი.

........

- სულ ეგ იყო? მერე? მერე?

- დავამთავრე, მეგობარო, დავამთავრე, დამიჯერე.

- კიდევ მითხარ, მითხარ მალე...

- დავიღალე, მეგობარო, გეფიცები, დავიღალე...

- ხომ კარგია ეს ჰამაკი?

- ახ, ნეტავი ეს ჰამაკი გადაიქცეს ჩვენ საფლავად,

რომ სულ მუდამ ასე ვიყვნეთ! სულერთავად... სულერთავად...

- ხომ კარგია ეს გამაკი?

- და...ვი...ღა...ლე! მე-ძი-ნე-ბა!

- რაო, არ გსურს ლაპარაკი?

- და-ვი-ღა-ლე! მ...ე...ძ...ი...ნ...ე...ბ...ა...

 

მსგავსი თემები