მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა
თუნდ პოლიკლიტეს ქმნილებები ნახო ათობით, იქ ვერ იხილო ის სიტურფე, ცრემლის დამდენი, ის სილამაზე, თვით ზეციდან გადმონადენი, რომ ააძგერა ჩემი გული, ყოვლის დამთმობი. და პორტრეტს მისას შეალია წელი ამდენი, ხოლო მე დღემდე მწუხარება მტანჯავს განდევნილს, თავმობეზრებულს საკუთარი უნიათობით. და მასზე ფიქრი შეიძლება მხოლოდღა ზეცად, არა აქ, სადაც სხეული გრძნობს თავს სულზე უკეთ, მან დახატა და მერე ვეღარ განაგრძო მეტად, რადგან მის თვალებს მოკვდავები ეხილათ უკვე. |