კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენ - სადღაც შენი ზღვებით და მთებით,

მე თითქოს აქ ვარ, (არც აქ არა ვარ) 

და ჩემი ლექსი აცილებს ყეფით 

შენი ოცნების ჯიუტ ქარავანს.

თავი უფალს თუ ეშმას მივანდე, 

შევძელი მაინც ცოდვის აცდენა... 

ახლა შენამდე ან სიკვდილამდე 

მე დამრჩა ხელის ერთი გაწვდენა.

თუ ვწერ ამაოდ, (ამაოდ ვწერდი), 

წყალნი წავლენ და არა-ქვიშანი, 

და გკითხავ, სანამ დავსვამდე წერტილს, 

წერტილი სჯობს თუ კითხვის ნიშანი?!

მივუახლოვდე უნდა მაცხოვარს 

და გულში მწვეთავს სისხლის წვეთები, 

შენ მომავლიდან ისე მახსოვხარ, 

რომ წარსულისთვის არ მემეტები.

ხვალ იქნებ ვქრები, იქნებ ვინთები, 

და დარდი მღუპავს,  ქვეყნისოდენი,

შეახე მაჯას შენი თითები -

გუდიაშვილის, ანდა როდენის...

იცოდე ჩემი ცრემლი თუ ღვენთი, 

შავი დღეები და თეთრი ღამე, 

უკანასკნელად იწამე ღმერთი,

”იმ სიყვარულის მიმღერე რამე”...

სევდაც მიმღერე გათოშილ მერცხლის,

(მე ყურთან მაინც ტყვია მიწივის), 

ვარ ყველაფერი-სიცივე ცეცხლის, 

ცეცხლის სითბო და სითბო სიცივის...

და გეტყვი, სანამ ჯვარზე ვევნები, 

ჩემს ეზო-ყურეს ისე სჭირდები -

უნდა მოფრინდნენ თბილი ქვეყნები 

და გადამფრენნი დახვდნენ ჩიტები...

ჰა, ჩემი გული, ერთგულ ძაღლივით, 

ჩემი ოდა და ჩემი ოდიში... 

და კიდევ სული, სული დაღლილი,

ამოსახდენი შენს მოლოდინში...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვასილ ბესელია  • • •   ვასილ ბესელიას პოეზია

მსგავსი თემები