კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მიდი, გარეკე, 

თორემ ქარმა უკვე გარეკა,

დეკემბრის წკვარამს ვარსკვალვებიც ვეღარ შველიან,

ცამ "სულთათანას" სევდიანი ზარი დარეკა

და მთვარეც ახლა ძველებურად ფეხშიშველია.


აი, მოვდივარ,

წყეული ცა სულში მიძვრება,

სულში ბობოქრობს, სულში ავობს, სულში მყეფარობს,

ერთხელ სიბერეს კი არადა, ხომ შეიძლება

თუნდ ერთხელ მაინც, თვით სიკვდილსაც გამოეპარო.


მიდი, გარეკე

თორემ ჩემს ქოხს ფრთები დაატყდა,

მთვარის როკვასაც ვეღარ უძლებს ძველი ყავარი

და თუმცა ჟამი მეც მეხივით თავზე დამატყდა,

ჩემი სამარხი ზედ მარტყია ვერცხლის ქამარი.


მიწაზე ვიყავ და ცა იყო ჩემი წაწალი,

დღეს აღარც ცა მსურს, აღარც მიწა, აღარც მზეს ველტვი,

მიდი, გარეკე, ის მესამე გზა მიმასწავლე

და არ იქნება ის მესამე ახლა ზედმეტი.


შლეგი ვიყავი, ვაგროვებდი მთვარის ანაცერს

და ქარიც შლეგი ტანზე ლექსის ზღაპარს მაცმევდა,

დღეს წუთისოფლის ხიდზე მდგარი უნდოდ ვბარბაცებ

მე - ვისაც ადრე ღვინოც კი ვერ მაბარბაცებდა.


მიდი, გარეკე, ამ სიბერეს დედა უტირე,

კვლავ თუნდაც ერთხელ მოიგიჟე შენი ჰარემი,

ვნებათა ჰაშიშს ბებერ გულში გზები უტიე,

რომ დაგრჩეს ლექსი მოწამლული და სისხლნარევი.


ვიცი, ღამდება, ვიცი სადღაც ცივა იანვარს,

და მზის გარეშე დარჩენილი ჩერო სლუკუნებს,

ნუ მეკითხები, რად გაგვეხსნა გულის იარა

ამ წუთისოფლის ბნელ კოფოზე შემოსკუპულებს.


ნუ მეკითხები, პასუხია თავად ის წლები,

თვალდახელშუა რომ გაფრინდნენ უაღვირონი,

დღეს ზამთრისპირის მინანქარში ნაზად ვიწვები,

მხრებზე გადმომდის ამ ცხოვრების მღვრიე მირონი...


აბა, რად გვინდა ჩვენ დიდება ლექსის სულთანებს,

ჟამი თუ ხელს გვხვევს, გვეუბნება - "წამო, ბიჯო, ქვე"...

აქ მთავარია, სიკვდილივით გვდევდეს სულ თან ეს:

- მოვკვდებით, მაგრამ არასოდეს წამოვიჩოქებთ!

მსგავსი თემები