კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ღამის მებოძირში გადაშვების

ჟამი ანდამატით მამაგნიტებს

და თუ ამაღამაც გადავრჩები,

პეშვით ამოვხვეტავ მარგალიტებს.


ზღაპრულ საგანძურთა მაძიებლად

ვინც ამ სამწუხროში გაჩენილა,

მისთვის წამიერი წაძინებაც

ჯვარცმის მაგიერი სასჯელია.


ბნელში ბავშვობიდან ვემალები

ხვედრს და ყიამეთის გამღვიძებელს,

ფეთქვით მაბრუებენ ყვრიმალები,

სანამ სისხლძარღვები გამიძლებენ.


უღრმეს კუნაპეტში ვიჟანგები

და ჩემს ტკივილებად აკრისტალებს

ღამის ოკეანე ნიჟარების

განა მარგალიტებს-ნატვრისთვალებს.


ბოლოს ამოვყვინთავ დაქანცული,

ვიდრე გამოკრთება სილაჟვარდე,

მაგრამ უმდიდრესი საგანძური

ხელში მიორთქლდება რიჟრაჟამდე.


განძი-თვალუწვდენი სიღრმეების

ყრმული ხილვებივით გამიქრება,

ვისაც მაბერებდა სიბერემდის

ჟამთა სიავეზე დაფიქრება.


რადგან უიღბლობა ბავშვობიდან

მღვრიე მორევივით მატრიალებს,

როცა გამიმართლებს, გაუღიმარ

ბავშვებს დავურიგებ ნატვრისთვალებს. 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •   ოთარ ჭელიძის პოეზია

მსგავსი თემები