თუ ფარულ მიზანს ურიკოშეტებ, როდი მიიღებ ურიგო შედეგს. ეშმაკმა უწყის, ეგ როგორ ხდება, იქსს დაუმიზნებ და იგრეკს ხვდება.
ანდა ნიღაბი იყოს მისნური. რიკოშეტულად სხლტება ქარაგმა მიზანთან უფრო ზუსტად მისული.
როგორც ბილიარდს, ვზვერავ და ვუტევ სულ სხვა ძალა აქვს გაკენწლილ სტრიქონს, არაპირდაპირს, ნახევრად უთქმელს.
თეატრმა სული ეშმაკს მიჰყიდა, ეს ტალანტისთვის ზურგში სროლაა, ირიბი სროლა სცენის მიღმიდან.
და რიკოშეტით იმდენს ცხრილავდნენ - ნაღვენთი ტყვია შემოეგარსა და ძეგლად იქცა, ღვთით, სიკვდილამდე.
სხვისი სიგლახით, სხვისი სიმდაბლით, პირდაპირ ვიტყვი: მეც ცოდვილი ვარ, თუმც ცოდვილი ვარ არაპირდაპირ.
მეც მომხვედრია არაპირდაპირ, ყველა მარაბდას, გარნისს თუ უბისს ისე განვიცდი, ვით ხე - ბირდაბირს.
თუ ჟამი წახდა და დადგა სიცხე, ისეთი საღვთო ფიჭვიდან წვეთავს, სადღაც ოდესმე ვიღაცა იცხებს.
ნუ იციბრუტებ ღვთის წინააღმდეგ, ჩემზე არეკვლით სხვას ნუ მოხვდები, ჩემზე ასხლეტით სხვას ნუ წაახდენ!
ბრძოლაც, დუელიც, ხვედრია მგოსნის. ყოველ გასროლას, თითქოს ცირკში ვარ, ფოკუსნიკივით ვიჭერ და ვკოცნი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |