გიხდება ზარი, ოქროს ღილი, თანა შენია, ერან-თურანი, ადრიბეჟან განაშენია. მოდი, ნუ მომკლამ, ხელთ გიჭირავს დანა შენია, ბულბული სტირის, დაგიცია მანა, შენია, მიჯნურსა სძინავს, შესმენია ნანა შენია...
ბულბული ჰგალობს, მოგახსენებს: "დილა ნებითა!" თვალად ლამაზო, რამ გაგზარდა ტან-დიდებითა? ბევრი მოგიკლავს, მეც მომღალე შენის ქებითა... ლექსები კარგი ასორმოცი ხანა შენია.
რად გინდა სარკე? სახე სავსე მთვარე მთელია. ზილფებისათვის ხელთ გიჭირავს მაკრატელია, მე რაზედა მკლავ, რა გერჩოლე, რა სახელია, ან რაზედ მომკლამ, ჩემი თავი განა შენია!?
სულ ქვეყანა რო ჩემი იყოს, არა მაქვს ნდომა! ჰე, საყვარელო, უცხოდ გშვენის შენ ეგ მორთომა, ყალამქარისა, ატლასისა, ზარბაბის ზომა... არ მომიპარავს, მიპოვნია შანა შენია!
ვინ მოგიტანა, ვინ გაჩვენა, ვარდის გაფენა? ტურფა-ზარიფო, შენსა ქებას ვერ იტყვის ენა, მო, საიათნოვავ, რა გატირებს, ვინ მოგცემს შენა? - ტახტი თოუზი ინდის მეფის ანაშენია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |