მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
დიდება უფალს, რომელმან სულით აღავსო სხეული, რომელმან ენა გვიბოძა, სიტყვის სათქმელად რხეული,
ჭირში თუ ლხინში მოკვდავთა განმკითხავი და მხლებელი.
ვინც განუდგება, ღირსებას აღარსად ჰპოვებს არად ის.
უფლის წინაშე ის უჯობს თავი მიწამდე დახაროს.
რომ მადლი მორჩილებისა მან თავად გაიზიაროს.
ვეჭვობ, რომ თვისი ცხოვრება მან ჩაამთავროს მშვიდობით.
ის არის განმკითხავიც და მიმტევებელიც ცოდვისა.
და ეს ტკივილი არაფრით უამდება და ურჩება,
მას მამა ბოლოს მოიკვეთს, როგორც ნაშიერს ავისას.
ნუ გაიკვირვებს თუ ყველგან ზურგი უკმეხად აქციეს,
მეგობრის კარი იქნება შენთვის სულ გამოკეტილი,
მისი ლაშქრიდან გაგდება სარდალს არ დაენანება,
ერთგვარად განსაკითხი და თანაბრად საზრუნავია.
იქ მოყვარეც ზის და მტერიც, შინაური თუ ტყიური,
სიავეს მიეკედლე თუ სიკეთე დაიმოძღვარე.
მის საბრძანებელს მორჩილებს მოდგმა კაცის თუ ავსულის.
ადამიანის შვილია, ფრინველია თუ მწერია.
თვით ყაფის მთაზე სიმურღმაც იგემა მისგან ნაყოფი.
და ჰგიეს იგი ერთარსად უკუნით უკუნისამდე.
ზოგს კი დასცემს და სიავეს მისას მიწითღა შენიღბავს.
ზოგი კი ერთი ავიდან ფეხს ითრევს სხვა რამ ავამდე.
ხოლო სხვებისთვის ნილოსის წყალს ცეცხლით აახანძარებს.
და რაც ისეა, შერისხვაც მისგანვე მოედინება.
მისგან შენდება სიავის გასამიჯნავად კედელი.
სჯობს დადუმება არჩიონ თვით წმინდა ქერუბინებმა.
აზაზელიც კი თავის წილს მოისურვებს და აიღებს.
სად დიდებულმაც ხამს დათმოს დიდებულება თავისი.
მას ესმის უიმედოთა ყველა ლოცვა და ვედრება.
და ჯერ-არ-თქმული სიტყვების მომძიებელი პირველი.
და განკითხვის დღეს მისგან ვართ ყველანი განსაკითხავი.
მის სიტყვას წინ ვერ აღუდგეს მოკვდავის ჭკუა-გონება.
და მისი ნებით მდედრს ან მამრს ქმნის მუცლად ბედის კალამი.
წყალზე ხმელეთის დაფენით გზა გაუკვალა გზა-სავალს
მთა და კლდეები აღმართა და ლურსმნებივით დაჭედა.
და წყალზე დადგმულ სამყაროს აწ ძე ჰყავს უფლისმიერი.
და ზურმუხტოვან ტოტებზე აწ ლალის ყვავილნარია.
მისსავე წვეთმა ჩასახა მუცლად ყოველი ნაყოფი.
მეორეს საროდ გარდაქმნის, მიწად მყოფს ძირფესვიანად.
გინდ იყოს რაღაც ნამცეცი, გინდაც ზღვა გადაჭიმული.
უფეხოთ ანდა უხელოთ, მცოცავთ და ქვეწარმავალთა.
არსად სხვას არ შეუქმნია ამგვარი სანახაობა.
უფლის წინ ყველა წარდგება იმ სულით, რაც მას ებადა.
მის არსს ვერ სწვდება მოკვდავი, თუნდ დიდი სიბრძნის მფლობელი.
მისი მშვენება იხილოს ამქვეყნად, არვინ ელოდეს.
ჭკუას არ ძალუძს შეიცნოს სინათლე, იქ რომ ელვარებს.
ისე ჩაძირა, ფიცარი ერთიც არ გაანაპირა.
როცა მეგონა – მივაგენ! _ თუმც მის არსს ვერ მივაგენი.
ზღვარს ვერ გასცდები მცდელობით... ვინც სცადა, უმალ მოისრა.
მასზე მოფიქრალს ფიქრებში შეუცნობლობა ერია.
მაინც ვერ აღწერს ის უფალს, შეუდარებელს იერით.
მაგრამ, ჭენებას კი არა, სვლასაც კი თავი ანება.
ფარ-ხმალის დაყრა სჯობს ზოგან, გავლა იმდენად ძნელია.
მიტომაც ელის მას დასჯა, შვებასთან არდაბრუნებით.
ვაი, რომ ჭკუის დაკარგვის პირველი ცნება ეს არის.
ზოგს თვალი კი აქვს, თუმც ფრთები ცეცხლით დასწვია მას ავით.
სიხარბით ის მოსვენებულ ცხოვრებას ვეღარ ეწიოს.
ცოდვა შვება ნუ გგონიათ, არ არის გემი ის ხსნისა!
ცხენისთვის ჯერ მოიძიე გზა უკან დაბრუნებისა.
და ნახე მან სიკეთისთვის რა იღვაწა და აკეთა.
გიყვარდეს ყველა მოყვასი კვლავ-და-კვლავ, როგორც თავიდან,
ფრთა სიყვარულმა შეგასხას, სამყარო გადაგეფრინოს
ეწიო შენსავ დიდებას ლაღად და თავმომწონებით.
სადაც მოქაჩავ სადავეს და მონუსხული შედგები,
ვინც განჩინებას უფლისას უარყოფს ან გაიოცებს,
და მიზნისაკენ სვლას არჩევს უმიზნო მოცალეობას.
იგი შვებით და მშვიდობით ვერასდროს შინ ვერ ბრუნდება.
თუ არ სდევ იმ გზას, რომელსაც უფლის რჩეული განახებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |