ზოგჯერ ცარიელი მწვანე ბოთლიდან ან სიგარეტის ლურჯი კვამლიდან გადმოვა ჭინკა, კუდს გადმოიტანს და მეცხადება სულ სხვა ჰამლეტად.
კამათობს, ანჩხლობს, იგრძელებს კისერს და სტრიქონებად შემომაჩეჩებს ამურისათვის მოპარულ ისრებს.
ხელის ჩაქნევით ანდა ქირქილით. ხელთ იგდე თუნდაც სხვისი ტიტული დაიდგი თუნდაც სხვისი გვირგვინი.
რამდენსაც გინდა იმდენს მოგიტან თვითონ ეშმაკის გარდერობიდან ისე... ეშმაკიც რომ ვერ გაიგებს.
გზას რეკლამებით უნდა იგნებდე. ბრბოს წიგნი როდი აინტერესებს, არამედ მხოლოდ აზრი წიგნებზე.
ყველას ხატება უწოდე ფრესკის და ესტრადაზე შენც აგოგმანე ჭრელკაბიანი კუდრაჭა ლექსი.
თუ მარტო დარჩი მთლად ერთი ერთთან. მერე იმ ერთთან ყველა აძაგე და ყველა, ყველა გიწამებს ღმერთად.
ისე სწორად ხსნი ცხოვრების იგავს, შენ მგონი უფრო ანგელოზი ხარ. ვიდრე მაცდური, ბოროტი ჭინკა.
როდი ვეძახი ჩემს თავს უცოდველს; ჯუჯას ვუწოდე პატარა დევი, დევს კი - ვეება ჯუჯა ვუწოდე...
და ჭინკა ბოთლში თუ ჩავიტყუე, განწირულ გემის კაპიტანივით მე შევასრულებ წმინდა რიტუალს.
განსაჯოს წლების იქით და აქით: იქნებ ტყუილად ვევნე-ვეწამე და გაწბილება არ ღირდა ჭინკის? |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |