ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად, წარმართ თვალებზედ ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული, მთვარე დაისით გაგითბია, როგორც დაირა და ანგელოზებს ულანძღიხარ მუხლებდამზრალი. ღმერთების ჯოგი გოლგოთაზედ გელანდებოდა, დასწყევლოს ღმერთმა რაღა ნისლებს დაუმეგობრდი, თუ არ იცოდი სად ინათლა, სად ბნელდებოდა! დევნილ სიცოცხლეს, ბნელ სიზმრების ჯანღი მალამდა, დრო საუკუნის ჯახაჯუხში ჩაისრისება და ეგ ცხოვრებაც მოთავდება როგორც ბალადა. ბედს ნუღარ ერჩი, თუ ლოდებმა ამოიოხრეს, იტყვიან: ნეტავ დაგენახათ, როგორ წვალობდა, სანამ დარდებმა საცოდავი სულ არ გამოხრეს. ხან არც კი გინდა რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი, ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რო დაბერდები, ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი. არმაზის კერპი, ან ქარების ტიალი დოღი, სანამ გრიგალებს, შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს, გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |