ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო, მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო; მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო; ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო, ყვრიმალს გცეს თვალებაკრულსა, გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო? დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო, ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო. დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ხელდაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპლს სისხლი შეურიესო; დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო! ჯვარზედ გაგაკრეს, ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო; წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო; მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო, თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველნი შემოგხვიესო; ქმენ სულგრძელობა მათზედა და დათმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო? მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალმანკიერსო; ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი - ჭამე, სვი ესო. ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო! მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო! ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო. ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დათმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ქმენ სულგრძელება მათზედა და დათმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |