ცა არწივის, გორები ქორის, მინდორში ჩიტებს ბურდღავს მიმინო, შენ შენი გზები მითხარი თორემ, ამ გზებზე ისეც უნდა ირბინო.
გონიოს კედლებს გზნებად ატყვია, სიცრუის სიბრძნე გაგაჩნდეს თორემ, რა ხმალი დაგცემს ანადა რა ტყვია!?
დაღლილი ნისლი იის ბწკლიანი, ეს სიცხე გქონდეს, ეს სისხლი თორემ, აქ ნამიც არის ნაპერწკლიანი.
ზღვის ზარიანი მეხლება ზვირთი, ეს ზავთი გქონდეს, ეს ჯანყი თორემ, დანარჩენს ისეც ნახავ და იტყვი.
ჭოროხი რჯულით მქუხარე ასე, ეს ღვედი გქონდეს, ეს კვეთი თორემ, რამდენსაც გინდა ნახავ და გასცემ!
მხოლოდ ალერსი მიიტანს გულთან, ქუსლში ეკალი ფეთქავდეს თორემ, ვარდი წაიღონ რამდენიც უნდათ.
მტრის თუ მოყვარის კერძია მუდამ, სულში ვენახი ყვავოდეს თორემ, ღვინო დალიონ რამდენიც უნდათ.
შენ გულზე იდებ ღონიერ ხელებს, ეს მიწა გქონდეს, ეს წყალი თორემ, სხვა დანარჩენიც იქნება მერე. |
პოეზიის გვერდი • • • |