გაბედულება, სიტყვავ ჩემო, გაბედულება!.. მე სხვა დიდება სამზეოზე არ მეგულება! ქარტეხილებში შეუმოწმე ხმას ერთგულება, ადიდე ქვეყნად სამშობლო და დედაბუნება! ყიჟინა შორეთს გაიტაცეს შლეგმა ცხენებმა, აქ გაწყდა სიმი, უნაზესი თრთოლვით რომ ჟღერდა, აქ აღმოითქვა, - სამყაროო, დიდება შენდა!.. აქ ზღაპარს ჰგავდა ღამე თვითონ პირდაბურული, აქ გაზაფხულზე სულ პირველად ატირდა ვაზი, აქვე დაედო ჩვენს ცხოვრებას საძირკვლად აზრი. მე სხვა დიდება სამზეოზე არ მეგულება! აქ ახლაც რეკენ საიმედო ხმებით ზარები! აქ დიდ ცხოვრებას ამაღლებენ ოპიზარები! სიმაღლე დიდი და სიმშვიდე: - იქ - ალავერდი, აქ - ბეთანია!.. გაბედულება, ლექსო ჩემო, გაბედულება!.. მე სხვა დიდება სამზეოზე არ მეგულება!.. ვინ იცის, ეს დღე რომ გათენდა, ვისთვის დაღამდა, ვის მოუხმობენ ზენაარით ზარზმის ზარები, მელოდიები ზამბახების ნაზი ზმანებით. მე სხვა დიდება სამზეოზე არ მეგულება!.. ჰანგო, დასძარი, რაც კი დღემდე არ აღმოითქვა, იმ დიდ სამყაროს გაუტოლე სიტყვა და რითმა. მახვილად ექეც, თუ შენს გვერდზე მოღალატეა! ყველა დიდ საქმეს მიესალმე, ყველა დიდ სიტყვას, ჰანგო, დასძარი, რაც კი დღემდე არ აღმოითქვა! მე სხვა დიდება სამზეოზე არ მეგულება!… |