კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გული სიბერით არ დაღონდება,

არც შემაწუხებს სიზმარი ბნელი,

მაგრამ ბავშვობა რომ მაგონდება

და გამოვლილი მანძილი გრძელი, -

მოულოდნელად, სულ ერთი წამით,

წარსულის ჩრდილი ჩამივლის გვერდით,

მყარდება წუთით სიჩუმე ღამის

და ცივ ჟრუანტელს ვერ ჰფარავს მკერდი.

თვალებს დღიური შუქი შორდება

და გულისძგერაც ყუჩდება ჩქარი,

ჩუმი სიმღერით მიახლოვდება

ჩემი სიცოცხლის საღამო წყნარი...

ამ დროს უეცრად ყურში ჩამწვდება

ახალგაზრდობის ხმა საამური,

თითქო ფანაჯრას შემოასკდება

პირველი გრგვინვის ცხელი ალმური.

ბზარავს კარ-ფანჯრებს ელვის ბაწარი

და ცისქვეშ ჰაერს ცეცხლი ედება.

მაგრამ ეს გრგვინვა და ეს ხანძარი

განა ფანჯრებში შემოეტევა?

მე დროშასავით გავიტან გარეთ

ჭაღარას, წელთა სუსხით დანათოვს,

გავაღებ გულის უხილავ კარებს,

რომ გაზაფხულმა შემოანათოს;

რომ არ შენელდეს თვალთა სინათლე

და დიდი ცეცხლი შემოქმედების,

რომ მუდამ ჩანდეს, მუდამ ბრწყინავდეს

გადასავალი მაღალ ქედების.

ვხედავ, ღრუბელი ჰყვავის ვაშლივით

და იწვის ზეცა ალმოდებული.

ელვა თამაშობს ტოტებგაშლილი,

ცის წიაღიდან ამონთებული.

სხივი, ღრუბელზე ამობეჭდილი,

ქუხილს ლექსივით დაუწერია.

სიმღერა მესმის მწვანე ჯეჯილის

და ყვავილებიც ირგვლივ მღერიან.

ახალგაზრდებო! ეს ხომ თქვენა ხართ,

ეს ხომ ფეთქვაა თქვენი გულისა!

თქვენ ჩვენი ქვეყნის აღმაფრენა ხართ,

ლაღი სიმღერა გაზაფხულისა!

თქვენ რომ გიცქერით, ისევ სჭრის თვალი,

გული კვლავ იწყებს სიამით ძგერას,

უფრო ნათლდება წრასულის კვალი

და ემატება სინათლე კერას.

გულში ამღერებს ვიღაც სალამურს, -

მოხუცი ჭაბუკს თუ ვუტოლდები!

ასე მგონია: არა საღამოს,

არამედ დილას ვუახლოვდები.

ისევ ცოცხლდება სიყრმის ჩვენება,

ჩემს დიდ წინაპრებს ნათელს რომ ფენდა,

უკვდავი იყოს ძველთა ხსენება!

ახალგაზრდებო, სალამი თქვენდა!

ბრძოლის საყვირთა ხმაზე მოხვედით,

მჯერა, ჩვენს დიდ გზას რომ არ ასცდებით,

და ძველ თაობას სახელმოხვეჭილს,

თქვენ ღირსეულად შეენაცვლებით.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები