რომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ! შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ! სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ! ეკლით ნუ მჩხვლეტ... დამიბრუნე ვარდები! რომ იცოდე ჩემი გულის დარდები! გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!
საუკუნო მეგობრობის მცველია! ახალი კი დროებითად მწველია და ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია. შენ ერიდე!.. მოიფარე ფარდები! რომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ქალო, შეგიყვარდები!
ვინ გაღმერთოს ციურად მომცინარი, თუ არ მევე?.. გინდა ვიყო მძინარი, შენი სახე მაინც ჩემ თვალთ წინ არი; თუ გამიქრა, კლდეზედ გადავვარდები! რომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!
ვეხეტები გზა-და-კვალდაბნეული! ლხინს ვშორდები, ჭირისაგან წვეული! გაყრის წამი ჩვენი იყოს წყეული!.. სჯობს, შევრიგდეთ!.. ფეხ-ქვეშ დაგივარდები! რომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ისევ შეგიყვარდები! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |